Popular Posts

Thursday, February 5, 2015

ვისწავლოთ, რათა დავსაქმდეთ(?)

 რატომ ვიღებთ განათლებას? - ამ კითხვაზე ყველაზე პრაგმატული პასუხი ის იქნებოდა, რომ  დავსაქმდეთ რაც შეიძლება მაღალანაზღაურებად სამსახურში და იმაზე უკეთ ვიცხოვროთ, ვიდრე ამას განათლების მიუღებლად შევძლებდით. დიახაც ეს დაუწერელ კანონად იქცა. ვსწავლობთ იმ იმედით, რომ უკეთესი ცხოვრება გვექნება.
 ამართლებს თუ არა ეს "ფორმულა" საქართველოში? ვიღებთ თუ არა ხარისხიან განათლებას და ადეკვატურ სამუშაო ადგილს?
  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლისათვის(ამაზე ახალი მონაცემი საიტზე არ მოიძებნება) უმუშევრობის დონე საქართველოში 14.6 %-ია. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირის" კვლევას დავეყრდნობით, 2014 წელს უმუშევრობის დონე 15 % იყო. ერთი შეხედვით ეს საგანგაშო მონაცემს არ ჰგავს, თუმცა გასათვალისწინებელია ვინ ითვლება უმუშევრად და რა მეთოთოლოგიის გამოყენებით დაითვალეს დაუსაქმებელთა რაოდენობა. იგივე სტატისტიკის სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით უმუშევრად არ ითვლება თვითდასაქმებული. ეს უკანასკნელი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამსახური, მაგრამ ეწევა საქმიანობას საკუთარ ან სხვის მეურნეობაში. ანუ გამოდის, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი თვითდასაქმებულად ითვლება, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას სტაბილური და საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული შემოსავალი.
 საქართველოში უმაღლეს განათლებაში ჩართულობა ყოველწლიურად მაღალია. იშვიათია ოჯახი, სადაც არ იყოს აბიტურიენტი, ან სტუდენტი. ყველას ჰყავს ბებია, რომელსაც სურს, რომ "მისი შვილიშვილი დოხტური გამოვიდეს".

 შიდა ქართლში, კერძოდ კი ქალაქ გორში 2 სასწავლო უნივერსიტეტი და რამდენიმე კოლეჯი ფუნქციონირებს. ადგილობრივი ახალგაზრდების გარდა აქ სასწავლებლად სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან. რამდენად სწრაფად და ადვილად პოულობენ ისინი სამსახურს და რა ბარიერებს აწყდებიან შრომის ბაზარზე, ამის გასარკვევად რამდენიმე კურსდამთავრებულს გავესაუბრე.
  მერი ტერუნაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდამ მაგისტრატურის გასავლელადაც მშობლიური უნივერსიტეტი აირჩია და 100%-იანი სახემწიფო დაფინანსებაც მოიპოვა. თუმცა კვალიფიკაციის შესაბამისი დასაქმება მისთვის ამ დრომდე პრობლემად რჩება.
"მათემატიკის ბაკალავრის დასრულების შემდეგ აქტიურად დავიწყე სამუშაო ადგილის ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სკოლებში კვლავ რჩებიან ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც სასერტიფიკატო გამოცდა ჯერ კიდევ არ გაუვლიათ და კვლავ აგრძელებენ სკოლებში მუშაობას,სადაც ვაკანტური ადგილი ფიზიკურად აღარ არსებობს".






   მერისგან განსხვავებით, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თომა სუხიშვილი ფიქრობს, რომ გაუმართლა და სასურველი სამსახური ადვილად იშოვა. "2014 წელს დავამთავრე საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, წელსვე მივიღე მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში და ყველა ეტაპი წარმატებით გადავლახე, რაშიც ვფიქრობ, ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის ნიმდის დემოკრატიის სკოლის გავლაც დამეხმარა."






 არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე საუბრობს გორში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკის" ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება, რომელიც არ არის აუცილებელი ანაზღაურებად სამსახურში ჰქონდეს მიღებული. ამიტომ ის ახალგაზრდებს მოხალისეობრივ პროექტებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

 დამსაქმებელთა ინტერესებზე შეძლებისდაგვარად მორგებას ცდილობენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე ამბობს, უნივერსიტეტი მუდმივად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან , ახდენს სასწავლო პროგრამების ადაპტირებას და ხელს უწყობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას. "ჩვენს მიერ პერიოდულად ხორციელდება შრომის ბაზრის კვლევა, რის მიხედვითაც ვიღებთ ინფორმაციას მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 240 კერძო და საჯარო ორგანიზაცია მონაწილეობდა, გაირკვა, რომ შიდა ქართლში დასაქმებულთა 57% გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია".

 მსგავსი მიდგომები აქვთ სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტშიც. რექტორი ვალერი სუხიშვილი ამბობს, რომ შიდა ქართლის მასშტაბით საბანკო და სააფთიაქო დაწესებულებების დიდი ნაწილში მათი კურსდამთავრებულები მუშაობენ.

 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის მიხედვით უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს. გაიზრდება თუ არა მოთხოვნა კურსდამთავრებულების მიმართ შომის ბაზარზე, ამას უახლესი პერიოდი გვიჩვენებს.

განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოს ექსპერტი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე გიგაშვილი ამბობს, რომ განათლებისა და დასაქმების ურთიერთქმედება მასშტაბური თემაა და ეს მხოლოდ უნივერსიტეტების, ან მხოლოდ შრომის ბაზრის პრობლემა არ არის. "საქართველო ბოლონიის პროცესს 2004 წელს შეუერთდა და სწორედ ამ დროიდან დაიწყო განათლების სფეროს მასშტაბური რეფორმა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ყველა რგოლი იყო ჩართული. დღეს განათლების სფერო ცდილობს მოერგოს დამსაქმებელთა ინტერესებს, ხარისხიანი განათლება მისცეს სტუდენტს, მაგრამ უმთავრესი, რაც უმუშევრობას ასაზრდოებს, სამუშაო ადგილების სიმცირე, ან არარსებობაა. როგორც უნდა ეცადოს განათლების სისტემა, პრობლემის სიმძაფრეს მაინც ვერ შეამცირებს, თუ მისი მოგვარებისთვის კომპლექსური ნაბიჯები არ გადაიდგა".

უფრო ვრცლად ამ თემის განხილვა მოისმინეთ გადაცემაში "ედუკატორი" პორტალზე http://www.newradio.ge/?p=509